უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე IDFI ა(ა)იპ მედიააკადემიის წინააღმდეგ

კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა 11 იანვარი 2024

2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიულ პირი - მედიააკადემია ფუნქციონალური გაგებით ადმინისტრაციულ ორგანოდ იქნა მიჩნეული  და მედიააკადემიას IDFI-ს სასარგებლოდ საჯარო ინფორმაციის გაცემა დაევალა. 

 

მედიააკადემიის საკასაციო საჩივრის დაუშვებლობაზე მსჯელობისას, უზენაესმა სასამართლომ  მნიშვნელოვანი განმარტებები გააკეთა. 

 

მივიჩნევთ, რომ IDFI-ის მიერ თითქმის ოთხწლიანი სტრატეგიული  სამართალწარმოების შედეგად, დამკვიდრა პრაქტიკა, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

 

1. საქმის გარემოებები

 

მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე, 2018 წლის აგვისტოში, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, (შემდგომ - ComCom ან კომისია) საკუთარი ფუნქციის - მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით,  დააფუძნა ა(ა)იპ მედიააკადემია.

 

IDFI-იმ მედიააკადემიას საჯარო ინფორმაციის განცხადებით 2020 წლის 24 იანვარს მიმართა და გამოითხოვა სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის, მედიააკადემიის თანამშრომლების საშტატო ნუსხა, ასევე მედიააკადემიის პლატფორმების „მედიალობის”, „მედიაკრიტიკისა” და „მედიასკოლის” შესახებ ინფორმაცია. მედიააკადემიამ უარი განაცხადა ინფორმაციის გაცემაზე, მიუთითა, რომ ის არ იყო ადმინისტრაციული ორგანო და კანონი არ ავალდებულებდა ინფორმაციის გაცემას. 

 

მედიააკადემიის წერილობითი უარი ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, თუმცა კომუნიკაციების კომისიამ, რომლის წინაშეც მედიააკადემია ანგარიშვალდებულია, საჩივრის განხილვაზე უარი განაცხადა იმაზე მითითებით, რომ ის არ წარმოადგენდა მედიააკადემიის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

2. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში 

 

2020 წლის აპრილში, IDFI-მ მედიააკადემიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში,  მოითხოვა „მედიააკადემიის” ადმინისტრაციულ ორგანოდ ცნობა და საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება. 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, სასამართლომ გაიზიარა IDFI-ს სამართლებრივი დასაბუთება და მედიააკადემია ფუნქციონალური გაგებით ადმინისტრაციულ ორგანოდ მიიჩნია, რამდენადაც “ეს უკანასკნელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე ჩამოყალიბებულია საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად.” თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დაკმაყოფილდა IDFI-ს სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხე მხარეს დაევალა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მედიააკადემიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, სასამართლო მეგობრის მოსაზრებები (“amicus curiae”) წარმოადგინეს საქართველოს სახალხო დამცველმა და სამართლის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების პროფესორმა პაატა ტურავამ. 

 

პროფესორი პაატა ტურავას მოსაზრებით, მედიააკადემია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს და მასზე, როგორც საჯარო დაწესებულებაზე ვრცელდება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ვალდებულება. “არჩევანი კერძოსამართლებრივი ფორმის სასარგებლოდ არ უნდა გახდეს გაქცევა კერძო სამართალში ("keine Flucht ins Privatrecht"), როგორც საჯარო სამართლებრივი ვალდებულებებისგან თავის არიდების საშუალება” - მითითებულია სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში.

 

სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ მოსაზრებაში ყურადღება გამახვილდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვაში სასამართლოს განსაკუთრებულ როლზე, იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების მარეგულირებელი ნორმები საკმაოდ მოძველებულია და არ არსებობს ეფექტური მანდატის მქონე საზედამხედველო ინსტიტუტი, რის გამო საჯარო დაწესებულებები სარგებლობენ არსებული საკანონმდებლო ვითარებით და ინფორმაციის გაცემას თავს არიდებენ.

 

2021 წლის 20 ოქტომბერის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა IDFI-ს პოზიცია და განმარტა, რომ „ა(ა)იპ მედიააკადემია უფლებამოსილების დელეგირების შედეგად ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას და აღნიშნულ ფარგლებში ფუნქციურად მოქმედებს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანო”. განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რომ „საჯარო მმართველობა არ დაიყვანება მხოლოდ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, რეალაქტის განხორციელების თუ ადმინისტრაციული ხელშეკრულების  დადებაზე, არამედ მისი შინაარსი უფრო ფართოა ვიდრე ადმინისტრაციული წარმოება.”

 

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მედიააკადემიამ საკასაციო საჩივრით უზენაესს სასამართლოს მიმართა. 

 

3. უზენაესი სასამართლოს განმარტებები

 

საკასაციო პალატამ 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით დაუშვებლად ცნო მედიააკადემიის 2021 წლის 27 დეკემბრის საკასაციო საჩივარი, ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და მედიააკადემიას საჯარო ინფორმაციის გაცემა დაავალა.

 

უზენაესმა სასამართლომ მედიააკადემიის საკასაციო საჩივრის დაუშვებლობაზე მსჯელობისას აღნიშნა, რომ „ა(ა)იპ მედიააკადემიის საჯარო დაწესებულებად მიჩნევის საკითხის გამოსარკვევად უნდა შეფასდეს ერთი მხრივ ა(ა)იპ მედიააკადემიის დაფინანსების საფუძვლები და მეორე მხრივ,  ა(ა)იპ მედიააკადემიის  ფუნქციური გაგებით ადმინისტრაციულ ორგანოდ მიჩნევის შესაძლებლობა. ამასთან, პირობები არის არა კუმულატიური, არამედ ალტერნატიული, ერთ-ერთის დადასტურების შემთხვევაში ა(ა)იპ მედიააკადემია ჩაითვლება საჯარო დაწესებულებად და შესაბამისად, ინფორმაციის გაცემაზე ვალდებულ სუბიექტად.”  

 

3.1. მედიააკადემიის დაფინანსების საფუძვლები

 

მედიააკადემიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოყოფილი სახსრები. აღნიშნულით არის განპირობებული ის გარემოება, რომ უზენაესი სასამართლო მედიააკადემიის დაფინანსების საფუძვლებზე მსჯელობას თავად ComCom-ის დაფინანსების საკითხის განხილვით იწყებს.  

 

უზენაესი სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2017 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებზე და ComCom-ისთვის მინიჭებულ ახალ, მედიაწიგნიერების ხელშეწყობის ფუნქციაზე.  ის მიუთითებს, რომ  ახალი ფუნქციის შესასრულებლად დადგინდა ფინანსური საშუალებების გამოყოფის საჭიროება, რომელთა “მობილიზების მიზნით კანონმდებლობაში განხორციელდა დამატებითი ცვლილებები, რომლის შესაბამისად, წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში შემავალი თანხები მიეკუთვნა კომისიას. ამდენად, სახელმწიფო ბიუჯეტმა უარი თქვა თავის შემოსულობების ნაწილზე კომისიის სასარგებლოდ მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის ფუნქციის სათანადოდ განხორციელების მიზნით.” (გვ.21) სასამართლომ დაადგინა, რომ ComCom-ის კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების, ე. ი. მედიაწიგნიერების განვითარების ფუნქციის განხორციელება “არაპირდაპირ უზრუნველყოფილ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით”. (გვ.21) სასამართლო განმარტავს, რომ “თავის მხრივ, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულების მიზნით, საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიზნების მისაღწევად დააფუძნა ა(ა)იპ მედიააკადემია და უზრუნველყო იგი სწორედ იმ დაფინანსებით, რომელიც კომისიას მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ თავის შემოსულობებზე უარის თქმის და სახსრების კომისიის ბიუჯეტში მიმართვის შედეგად.”(გვ.21) ამავდროულად, განჩინებაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ Comcom-ს ეკრძალება საკუთარი ბიუჯეტიდან ისეთი ხარჯების გაწევა, რომელიც მის კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებთან არ არის შესაბამისობაში. 

 

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  (შემდგომში, სზაკ-ი) “27-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტში სუბიექტის საჯარო დაწესებულებად მიჩნევის მიზნებისთვის მითითება ხდება პირის ბიუჯეტის სახსრებიდან და არა უშუალოდ ბიუჯეტიდან დაფინანსების საჭიროებაზე, რაც დამატებით ადასტურებს მათ შორის ბიუჯეტიდან არაპირდაპირი დაფინანსების, ბიუჯეტის კუთვნილი სახსრებით სუბიექტის ფინანსური უზრუნველყოფის შემთხვევაში ამ სუბიექტის საჯარო დაწესებულებად მიჩნევის წინაპირობების არსებობას.” (გვ. 22)

 

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ თუ “კონკრეტული ფუნქციის განხორციელება პირდაპირ თუ არაპირდაპირ უზრუნველყოფილია სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, სუბიექტი იმთავითვე მიიჩნევა საჯარო დაწესებულებად სზაკ-ის 27-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის მიზნებისთვის და აღარ არსებობს მისი ადმინისტრაციულ ორგანოდ მიჩნევის საკითხზე მსჯელობის საჭიროება … იგი ვალდებულია ამ დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული ქმედებების შესახებ არსებული ინფორმაციის ღიაობა უზრუნველყოს”. (გვ. 22)

 

3.2. მედიააკადემიის საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებები

 

მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსების საფუძვლები  სასამართლომ საკმარისად მიიჩნია მედიააკადემიაზე საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების გასავრცელებლად,  მან დამატებითი განმარტებები გააკეთა მედიაწიგნიერების ხელშეწყობის მიზნით მედიააკადემიის საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების თაობაზე. 

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ უფლებამოსილების სამართლებრივი ბუნების  დასადგენად, შეფასებას საჭიროებს “მისი შინაარსი და მიზანი … საჯარო-სამართლებრივად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის უფლება-მოვალეობები, რომლებიც ორგანოს მინიჭებული აქვს თავისი საჯარო-სამართლებრივი ამოცანების შესასრულებლად”. (გვ. 26) სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ორგანო ნორმატიულად დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს და მას არა მხოლოდ უფლებამოსილება, არამედ ვალდებულება აქვს განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები. “...წინაპირობის დადგომისას ვალდებულების შესრულების საჭიროება - იმპერატივია”. (გვ. 26) განსხვავებით კერძო სუბიექტისგან, რომელიც ნების თავისუფლებას ინარჩუნებს თუ ის უფლებამოსილების დელეგირების ფარგლებში არ მოქმედებს. 

 

საკასაციო პალატამ არ გაიზიარა მედიააკადემიის  პოზიცია იმის თაობაზე, რომ  უფლებამოსილების საჯარო-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელია ის აკმაყოფილებდეს ექსკლუზიურობის კრიტერიუმს.  აღნიშნულის საპასუხოდ, საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ  მმართველობის ორგანოები ექსკლუზიური ხასიათის უფლებამოსილებებთან ერთად აღჭურვილნი არიან იმ სახის საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებებით, რომელთა განხორციელება კერძო სუბიექტებისთვისაც დასაშვებია და ეს არ უკარგავს ამგვარ უფლებამოსილებას საჯარო ამოცანის სტატუსს. “საჯარო დაწესებულების ძირითადი ფუნქციების გამომდინარეობს დაწესებულების მიზნებიდან და გულისხმობს, მათ შორის დარგობრივი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შექმნას… ამდენად, დგინდება, რომ მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას შეადგენს.” (გვ. 28-29) უზენაესი სასამართლოს შეფასებით, ის გარემოება, რომ მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა კანონმდებლობით განსაზღვრული ComCom-ის ძირითადი ამოცანა, მიზანი და ძირითადი ფუნქციაა, “ნათლად ადასტურებს მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის ფუნქციის საჯარო-სამართლებრივ ხასიათს”. (გვ. 29)

 

უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მედიააკადემიას გადაეცა მედიაწიგნიერების განვითარების სფეროში ComCom-ის ფუნქციების გარკვეული ნაწილი, თუმცა, ვინაიდან მედიააკადემია სზაკ-ის 27-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის მიზნებისთვის წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას, საკასაციო პალატამ აღარ მიიჩნია მიზანშეწონილად კერძო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის ფორმების შეფასება. 

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ IDFI-ის სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა და დაუშვებლად ცნო მედიააკადემიის საკასაციო საჩივარი.

 

მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატის განჩინებით დადგენილი სტანდარტი საჯარო დაწესებულებების ღიაობის უზრუნველსაყოფად წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმ თვალსაზრისით, რომ საჯარო დაწესებულებები თავიანთი უფლებამოსილებების კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე დელეგირების გზით ვერ აირიდებენ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

 

განჩინება

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024